“დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ
ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად,
ვისაც ვინ მოეწონებოდა”. (დაბადება, თავი მე-6, მ.2)
პროლოგის ნაცვლად
როდესაც ღამე ჩამოწვება დედამიწის თბილ მკერდზე და შეიგრძნობს მის თბილ სუნთქვას ჩამოშლილი, სურნელოვანი თმით, როდესაც მირიად ვარსკვლავთა შორის მრავალი სწყდება საკინძედან თმადაშლილ ასულს, მაშინ კლდიდან გამოდის ღვთისშვილი და მდუმარედ მიემართება დაჩრდილული მთებისკენ.
ევა
იმ დილით ადრე გაიღვიძა ქალმა. შიშველ, ნატიფ სხეულზე შემოისუდრა თბილი სამოსელი და შეისუნთქა ღრმად დილის ცივი ჰაერი. ყოველთვის სიამოვნებით წარმოიდგენდა, როგორ მოხვრეპდა ცხელ, რძიან ყავას რიჟრაჟ დილით შემოდგომის ბაღში. სულ სხვა სურნელი ჰქონდა ყველაფერს: დილას, შემოდგომას, ყავას, ბაღში მიმოფანტულ მზისფერ, ოქროსფერ, ყვითელ ფოთლებს.
. . . ისევ ახსოვდა მისი თბილი ტუჩების, ხელების შეხება, სხეულში ჩაღვრილი სითბო, სიდიადის, უკიდეგანო სიმშვიდის და ბედნიერების განცდა სხეულში, რომელიც მთელს სამყაროსთან შეზრდილიყო. მასში იყო ყველაფერი შერწყმული: შემოდგომის სისავსე, მშვენიერება. ქალი უსაზღვრო ბედნიერებით განფენილიყო სამყაროში. არ ჩქარობდა.. შიშველი ფეხებით მიწას დააბიჯა, მზისფერი ფოთლები შეეხნენ თითებს.. და ასე მიდიოდა შემოდგომის მზით აოქროსფერებულ ბაღში ნატიფი, ოქროსფერთმიანი ქალი. ყოველთვის ელოდა ამ დროს, რომ ფოთოლცვენის დროს მზის ამოსვლისთვის ეცქირა, და მზეც იღვრებოდა ყოველ დილით მის თმაში, სხეულში, თითებზე, მხრებზე.
მზეს შეხედა თვალებში, ერთმანეთს გაუღიმეს. როგორი სუსტი იყო ახლა მზის ბრწინვალება, როგორ სათუთი და მწველი იყო ქალის მზერა.
იგრძნო, როგორ მიუახლოვდა და მოეხვია ნატიფ მხრებზე ვაჟი და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, თმების, სხეულის…თბილი ბაგეები შეეხნენ ქალის გაყინულ ყურებს, ყელს, მხრებს… ის ზაფხული იყო თავის მხურვალებით, ვნებით, შეხებით. ქალი – შემოდგომა- სავსე ყვავილებით. ისინი ერთმანეთით ივსებოდნენ.. ივნებოდნენ.. შარიშურობდა აშარი ქარი..შრიალა ფოთლებს შარაზე ფენდა..
მესანთლე
დაიბადა. გაიზარდა. უთხრეს, ურჩიეს, ასწავლეს. ბევრიც ნახა, ბევრიც წაიკითხა. მაინც სიცარიელეს გრძნობდა, მაინც შინაგანს უჭამდა მახრა ფიქრი. ტკივილი. მოთმინება, მარტოობა მრავალთა შორის. სული მისი იყო საწყაული აღუვსებელი. ისე მოხუცდა, რომ ბოლომდე დარჩა ჯიუტი და მოუდრეკელი. არავის ლუკმა არ გაუყვია, არც თვითონ გაზიარებია ვინმეს. ახლა უკვე მოხუცს უფრო მეტად ეძალებოდა მჭმუნვარე ფიქრი, მერე დარდი და მარტოობის შიში. ვერ შეიცნო, ვერ მიიღო ტკივილი, რომ ბედნიერების დაბადებით დამტკბარიყო. შარაგზაზე მიტოვებული ბერიკაცი შველას არავისგან ელოდა. რაც სიკეთე აკეთა და ეგონა, რომ სიკეთე იყო, თურმე ბოროტება ყოფილა, უმადურობა ვერ აიტანა, ამაყს და ქედმაღალს ეგონა მარტო შეძლებდა ბილიკის გავლას. ამაოდ.
ზამთარი იყო მაშინ, დიდი თოვლი ჩამობერტყა ზეცამ მიწაზე. თოვლმა სიჩუმე მოიტანა, ისეთი სიჩუმე, რომ ფიფქის ციდან ჩამოსვლა საუბრად ისმოდა. აი ასე მოდიოდნენ ფიფქები და ზეცის ლოცვა ჩამოჰქონდათ მიწაზე ადამიანებისათვის. კაცი მარტო დაუხვდა ზამთარს. დილით კოპიტის ჯირკს შეაგდებდა ბუხარში, დაღამებამდე ტკაცატკუცი გაჰქონდა ბუხარს. კაციც მხოლოდ ამ ხმას უსმენდა. დაღალა ჯირკის სევდიანმა ამბებმა. ეგონა გულს გადააყოლებდა და ზამთარს ადვილად გაიტანდა. ეგონა მარტოობაში ბედნიერი იქნებოდა უფრო. ახლა თავის თავთან დარჩენის ეშინოდა. სხვებთან შეხვედრაც ღლიდა. ბუხარს კიდევ ერთი ჯირკი დაამატა და სითბოსაგან მოუძლურებული მიილულა. გამთენიისას უცნაურმა ჩურჩულმა გამოაღვიძა. ვერ მიხვდა ხმა საიდან მოდიოდა. ეგონა სიზმარი იყო. მირიადი ხმა ისმოდა, ჩურჩულის. გარეთ გაიხედა. თოვდა. ფანტელები მიწაზე ეშვებოდნენ. ფიფქებს ზეცის ლოცვა მიწაზე ჩამოჰქონდათ.
კაცის სულში რაღაც შეიძრა, უძირო სევდამ, ტკივილმა ამოხეთქა დაგუბებული სიღრმეებიდან. ფიფქებთან ერთად მისი ცრემლები ელტვოდნენ თეთრად დაფიფქულ მიწას.
ჩუმად ლუღლუღებდა კაცი: “მხოლოდ შენ არ მიგიტოვებივარ, მხოლოდ შენ ხარ ჩემთან”. დასუსტებული მუხლებით აკვლია თოვლი. სოფელში თოვდა…გაყინული თითებით შეაღო საყდრის კარი… ათოვდა სამრეკლოს, ათოვდა საყდარს…
ზამთრის ნაცრისფერი დილის სიჩუმე საყდრის ზარებმა გაჰკვეთა. წკრიალა ხმა ჯერ დათოვლილ ჭალას გაჰყვა, მერე თეთრ ტყეებს დაბოლოს ექოდ გაიშალა უსასრულო სივრცეში.
***
“…რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები…”
(დაბადება, თავი მე-6, მ.2)
შენი ბაგე ვარდის ფურცლებია, შენი სარეცელი ყვავილებით მოპენტილი ილის ველი, შენი სურნელება მზის ფერია, შენი სურნელი კი მათრობელი. შენი ნაბიჯების ფოთოლცვენა, მიწას ეკონება ლერწებივით, შენი სუნთქვა ნიავს ზეცად მიაქვს, შენი ფიქრი არის მირინდების. როცა მოლოდინი მთების ლოდებს გზად და ნიაღვარად გადმოხეთქავს, როცა თმების სურნელს შემოდგომის ხეთა ფოთოლცვენა ჩამომიყრის, მთელი სამყაროდან შეგროვებულ დილის ცვარის შევსვამ აზარფეშას, ფეხქვეშ გადაგიშლი ზღაპრულ სიზმრებს, რომ შენ შემოქმედი ჩემი გერქვას. როცა აყვავებულ ზეცას ვხედავ თეთრად მოპენტილი ალუბლებით, ამ გზას შენს ზღურბლამდე რა დალევდა, ან ცას ვინ მოქსოვდა ვარსკვალავებით. მიწამ მოგიქსოვა მწვანე კაბა, ირგვლივ მიმოფანტა გვირილები, ღილად დაგიბნია დილის ცვარი, მკერდზე დაგაფანტა ლილიები, წყარომ მოგიქსოვა ლურჯი ფარდა, ვაზი გადაეგო გზების კიდეს, ზეცამ გამოგზავნა ცისარტყელა შენი ნაბიჯების მსუბუქ კიბედ.
…ისინი დიდხანს ტკბებოდნენ ერთად ყოფნით… თვრებოდნენ ერთმანეთის სურნელებით.. მზე იღვრებოდა მათ სხეულებში… ქალის თმას და ყვავილებს ყნოსავდა ვაჟი…
საყდარი
ზამთარში თითო-ოროლა ყვავი თუ შემორჩებოდა საყდრის ეზოში წითელი ხურტკმელის ხეზე. ყვითელი ნისკარტებს დიდხანს იწმენდნენ გაყინულ რტოებზე და ხანდახან დაიჩახვლებდნენ. ტყეში კი წიოდა ქარი…წიოდა ქარი… ფიფქებს ზეცის ლოცვა მიწაზე ჩამოჰქონდათ ადამიანთათვის…
საყდარში ხალხი იყო. იდუმალებაში მოისმოდა მღვდლის ლოცვა… წირავდა მღვდელი…საკმეველს ზეცად აჰქონდა ლოცვა…წიოდა ქარი და საყდრის კარში შემოჭრილი ფანტავდა საკმევლის სურნელს.
მლოცველნი მოკრძალებით ანთებდნენ სანთლებს, მათი ბაგენი უძრავნი, თვალები დახრილი, უსასოდ ქმნილნი, უიმედო და მომლოდინე, მათი გული – დახურული და შიგნით ცარიელი, ამაო სიტყვა, ამაო ფიქრი…
კაცი დიდხანს აკვირდებოდა თანასოფლელებს, თვითონ ხომ საყდარს შეეფარა მარტოსული და ნათესავთაგან იავარქმნილი. აქ მისი სამყარო იყო, მისი სიცოცხლის საბოლოო ნავთსაყუდელი.
უცებ ფიფქების კორიანტელმა იმატა, გადიდდა ზეცა, უფრო მეტი და მეტი ფიფქი გადმოყარა დედამიწაზე..მხოლოდ ბერიკაცს ესმოდა ფიფქების ლოცვა, მხოლოდ მას ესმოდა თუ რას ითხოვდა ზეცა ხალხისგან… ქარმა საყდრის კარი შემოანგრია.. მღვდელი ლოცვას აღავლენდა…ადამიანები სანთლებს ანთებდნენ თავიანთი ოცნებებით..… საყდარში გათოვდა, ნამქერი ტრიალებდა, ფიფქები ეცემოდნენ სანთლებს .. ფიფქებს ზეციდან ჩამოჰქონდათ ლოცვა. ვიღაცამ იყვირა, ჩქარა საყდრის კარი დახურეთო, ვიღაცამ კი – ჩქარა ფიფქები და ქარი სანთლებს ჩააქრობსო..
ბერიკაცი უცებ გამოფხიზლდა, უცებ რაღაც შეირხა მის სულში. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა… ის შიშველი, დამჭკნარი თითებით აქრობდა მლოცველთა სანთლებს.. გამალებით აგროვებდა ზეთიან ჭურჭელში ნახშირით გაშავებული თითებით. “ეს სანთელი ხომ ფიფქების ლოცვას სწვავს, ფიფქებს ხომ ზეციდან ჩამოაქვთ ლოცვა”, – ბუტბუტებდა ბერიკაცი გულში. მისი გულის ცემა ზარების გუგუნის ხმად იქცა, თოვამ იმატა, თოვლმა დაფარა სამრეკლო, გუმბათი… ვიღაც ისევ ანთებდა საყდარში სანთელს და ბერიკაციც უმალ აქრობდა მოკიაფედ ანთებულ ლოცვას.
ეპილოგი
როდესაც ზამთარი ჩამოთოვს საყდარს, როდესაც სოფლად ბუხრებს შეუნთებენ კოპიტის ჯირკებს და გრძელი ღამეების გასალევად მოიგონებენ ძველ ამბებს, ყოველთვის ახსოვთ ოქროსთმიანი ქალისა და ღვთისშვილის სიყვარულის ამბავი, და დღემდე სჯერათ, რომ ღვთისშვილი დღემდე არ ტოვებს ქალის საფლავს.