მე მოვიკალი ჩემი თავი ცისფერი ცეკვით,
ბავშვურ ოცნებას შავ საწამლავს ვასმევდი თურმე,
ვარ დაკარგული შემოდგომის ნაღვლიან დღეში
და ვხატავ ლურჯი ფერადებით ნაცრისფერ ღრუბლებს.
დათვრება, ალბათ, ყრუ ტკივილი რომ გამარინდა,
მოულოდნელად მიმატოვა განაწამები,
და ჩემში ცეკვავს შემოდგომის ყვითელი დილა,
დაუჭკნობელი სიყვარული ყვავილობს ჩემში.
მე მოვიკალი ჩემი თავი ცისფერი ცეკვით,
არ მინდა ისევ დავიჯერო გარდაცვალება,
თორემ გააქრება მზის სიზმარი შორეულ დღეში
და მოსაგონრად არაფერი აღარ დამრჩება.