ფერისცვალება

პროლოგის ნაცვლად

იმ ღამით ადამიანებმა გადაწყვიტეს, მზე აღმოეჩინათ. მანამდე არავის მოსვლია აზრად, ეპოვნათ ცხელი, კაშკაშა მნათობი. არც არავინ შეუწუხებია უკუნეთს, საზარლად გადაწოლილს თვალუწვდენელ სივრცეზე. მერე კი დაიწყეს ფიქრი თუ სად იყო მზე, თურმე ყველას რომ სჭირდებოდა და სადღაც, არდახსომებულ წარსულში დაკარგეს იგი. ხარბი იყო წყურვილი ხაოიანი გამომშრალი ხახის, კაცობრიობის შავი და უძირო ხახის. ნოტიო, ბნელი ღამე არწყულებდა უძლეველ სურვილს.

დღე იყო ურჩი, ვითარცა იობ. ცამ დაიობა შავ უბეში სამარადისოდ ობოლი ღამე და ბნელ კუთხეში ქსელს აბამდა ურჩად ობობა. არ მოელოდა კაცთა მოდგმა უცნაურ ძახილს, ერთ მშვენიერ დღეს რომ შემოესმათ მიწის გულიდან: „ადამიანო, ხედავ მზეს? როგორი სინათლეა და დიდებულია კაშკაშა სივრცე, არა?“. გაოცებულნი გამოვიდნენ ვიწრო ქუჩებში ნაძილქუშევი ადამიანები. გვერდს უქცევდნენ ერთმანეთს და ცის სიღრმეში იცქირებოდნენ. პირველი, რაც მათ სახეზე აღებეჭდათ, გაწბილება იყო, დიდთვალა მზესუმზირის მსგავსი, ოდეს ვითელ წამწამებს ლიბრად ედება ჩამავალი მზის სხივი.

ჰოი, უბედურო, ადამიანთა მოდგმავ! რა გინდა ცაში, რატომ ეძებ მირიად ვარსკვლავთა შორის ხსნას, რატომ ვერ ამჩნევ შენი სულის სიღრმეში დამალულ მზეს! ეს მზე ხომ იმაზე უფრო დიდია, ვიდრე შენ გინდა დაინახო!

აბა, სად არის მზე? და მზერა უკიდეგანო სივრცეებს სწვდება. ვერავინ ამჩნევდა სულის უსათუთეს სიფაქიზეში ამოკვართულ კიაფა სითბოს. ის ხომ უხილავი ხელით იყო ნაპკურები და დილის ნამთან ერთად იბადებოდა. ადამიანები ვერ ეფერებოდნენ შეუცნობ სითბოს, ამიტომაც დაკარგეს მზის ხილვის უნარიც და მასთან ერთად ჭეშმარიტი სამყარო.

დაბადება

ისიც მათ შორის დაიბადა. უწოდეს სახელი, შემოსეს სამოსელით, მაგრამ განძარცვეს სულში თანდაყოლილი სითბო. ოდეს პირველი ნაბიჯი გადადგა, ისურვა მზის ხილვა და სივრცეს შერჩა ორი გულუბრყვილო თვალი.

…და იდგა ბავშვი…ელოდა, მაგრამ არავინ ჩანდა ისეთი, ვინც აგემებდა მზიური ალერსით სავსე ფიალას. დილით ნამცვრევს აგროვებდა, თითქოს გულმა უმისნაო, რომ იპოვნიდა შეუგრძნობ სითბოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისიც მოელვარე მნათობად გადაიქცეოდა და განაპობდა ბნელ მანტიას.

ბიჭს ვერავინ ამჩნევდა. იქნებ არც სურდათ მისი სველი ხელების დანახვა, ყოველთვის რომ ესათუთებოდნენ მათთვის მიუწვდომელს და ამიტომაც ბრაზდებოდნენ ადამიანები, ამიტომ გადაწყვიტეს ერთსულოვნად თავისიანად გადაექციათ ისიც, რათა მათთან ერთად ეძებნა მზე უსასრულობაში.

მიხვდა, ბავშვობა შორს იყო ადამიანებისგან. მიხვდა კი არა და ბალახთა ჩურჩულმა გამოაღვიძა მდელოზე ჩათვლემილი. „გადაარჩინე სითბო“,-ელაციცებოდნენ მის ბაგეებს ღიღილოები, იაიაები და ფოთოლნაცარა ფურისულები. ნამცვრევ ცვარში კაიფობდა უხილავი ნათელი. ყვავილთა უკანასკნელი ამბორი ბავშვობას დარჩა, უბიწოს და სიბნელედაუნახველს. ბიჭის მზერა კი ცამ ცისარტყელად აისარკა.

შეგუება

ნაცრისფერი სამყარო მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ჰაერიც კი შეხუთული იყო. მით უფრო, როცა მინავლული ნაკვერჩხლისფერიანი სახეებით გამოდიოდნენ ვიწრო ქუჩებში გამხდარი, ფერმკრთალი ადამიანები. გახუნებულ ლაბადებში მილეული, უსიცოცხლო ლანდები ჩანდნენ. უმისმართოდ დალასლასებდნენ უცნობი სახეები და თვალების ნაცვლად ცარიელი, ღრმა ჭებით იმზირებოდნენ. ბიჭმა მოისურვა ჭაში ჩახედვა. ეუცხოვა, ეხამუშა თავისი სურვილიც კი. უკან აედევნა კუზიან ლანდს. ეგებ ამას მაინც მოვპაროო ღიმილი და შეძრწუნდა, როცა ლანდი მისკენ მობრუნდა და უსახური სიმრგვალის მსგავსი შერჩა თვალწინ. სურვილი ბიჭის ნაოჭში მიიმალა, ბიჭი კი ერთ უჟამურ, ნაცრისფერ სახლში.

იმ დღის შემდეგ ეს ადგილი გადაიქცა მისი ცხოვრების მესაიდუმლედ. შესცქეროდა ნესტიან კედლებს და პირველი რაც მან გააკეთა იყო, რომ მწვანე ფოთოლი მიახატა ნაცრისფერ კედელს. თავისი მზერით ათობდა უტყვ ფერთან შეხამებულ სიცოცხლეს.

„მზეო, ამოდი, ამოდი,

ნუ ეფარები გორასა,

სიცივეს კაცი მოუკლავს,

საწყალი აგერ გორავსა“.

ჰოი, სიკვდილო, რალამაზია შენი არსება. სიკვდილი ძეა, ვითარც არსი მამასა და პირმშოს შორის. სიკვდილი, როგორც რაობა არსებობასა და არარსებობას შორის.

მიელაციცნენ ბიჭის სნეულ შუბლს ლურჯი ლანდები. ჩასძინებოდა ცივ კედელთან ყველასგან ეულს. ეჩვენებოდა შავ სარკმელთან იდგა აჩრდილი, იქედნურ მზერით უღიმოდა კედელზე ფოთოლს. აჩრდილში იცნო მამის სახება და გაახსენდა, როცა თვინიერს ისე შეჰხედა ერთხელ მამას, როგორც ახლა უმზერდა ფოთოლს… „მომეჩვენაო“,-გაიფიქრა ბიჭმა და ძალუმად დააკვირდა გამჭვირვალე ჰაერს. სარკმელში არავინ იდგა. მერე მალულად გაჰხედა ფოთოლს. ტანში გასცრა. ფოთოლი ნაცრისფერი გამხდარიყო. გაუუცხოვდა საკუთარ თავსაც. ჯერ მოეჩვენა, რომ სამყარო თანდათან დაპატარავდა და საბოლოოდ ვერცხლისფერ ბურთულად იქცა, თავისი თავი კი საერთოდ ამოშალა არსებული ისტორიიდან. მერე მოულოდნელად ყველაფერი ისეთი დიდი გახდა, თავის იპოვნაც კი გაუჭირდა უზარმაზარ სივრცეში. სააად ხააარ? უხმობდა ორეულს და აკრთობდა მოგუდული ხმა, რომელიც არსაიდან მოდიოდა, არც არავის ესმოდა. უბრალოდ სხეულის შიგნით გრძნობდა ამოუვსებ სიცარიელეს, დამჭკნარ მარტოობას, თითქოს სამყარომ შეხვრიპაო მისი არსება. სხეული სულის, ოთახი კი სულის საპყრობილედ იქცა. ორივე მათგანთან შეგუება უჭირდა და და განშორება ენანებოდა.  სხეული და სახლი მისი არსებობის საიდუმლოდ განივლტო. „გამიშვით აქედან!“,- ღრიალებდა ვიღაც მის შიგნით, სისხლის ბურთულებს აწვებოდა და ბიჭის უაზროდ დაბჩენილი ხახიდან ხავილად აღმოხდებოდა. ბოლოს მთელ იხმით დაიღრიალა „გამიშვიიით!“ ყველაფერი გაქრა. აღარსად ჩანდა ოთახი მოხატული მწვანე ფოთლით, არც უზარმაზარი, ნაცრისფერი ქალაქი მილეული ლანდ-ადამიანებით. ბიჭი უსივრცო სივრცეში აღმოჩნდა. არ იცოდა რატომ იყო თავის სხეულში ან საერთოდ რა აზრი ჰქონდა მის არსებობას. მაგრამ ახსოვდა, მას სითბო უნდა გადაერჩინა, საკუთარი გულის სითბო, მოპარული მავანთა მიერ და ერთი მუჭა, ციმციმა ნათელი ხელისგულებით ჩაეღვარა მზის სხივებში. უცებ მოუნდა უკან დაბრუნება. ხრიოკ მიწაზე ნაბიჯის შეგრძნება…უფერული ადამიანები მოენატრა მათი უღიმღამო ცხოვრებით. შორიდან დალანდა ქალაქი, უცნაური სენით მოწამლული, შავი ბალღამით დანავსული. მიხვდა, ქალაქის მცხოვრებნი ავადმყოფები, მიუსაფარნი იყვნენ და არავის ჰყოფნიდა სითამამე სენის არსებობის ასაღიარებლად. მათთვის ხომ შეგუება სიცოცხლის სავსეობას ნიშნავდა და სენთან განშორება დანაკლისი გახდებოდა მათი არსებობისათის.

***

ნაცრისფერ ქალაქს ასდიოდა ცისფერი ბოლი, ვიღაცა ქუჩაში ფეხით სრესდა მომაკვდა ფოთოლს. არვის სტკიოდა ვინმეს დარდი, ფიქრი ეული, შეშლილ ღამეთა მარტოსულად გამოთენება, დედით ობოლთა ობიანი საწოლის სუნი არ აწუხებდათ მოზიმზიმე და სნეულ ლანდებს. დაჰქირქილებდა წაბილწულ სიტყვებით კაცი, წამლავდა გულებს, დალეულებს სითბოს ლოდინით. თვით ჯოჯოხეთის მოციქულსაც გულწრფელად შურდა მსგავსი ქაოსის, კბილთა ხრჭენის, გაუგებრობის. შავ მდიანრეზე ტივტივებდა ტივი ქარონის, რადგან მომრავლდნენ სამწუაროდ სასაფლაონი.

ხარობდა ქარონ….გესლიანი, ავი მოხუცი. წირპლიან თავლებს აყოლებდა გზაზე გამვლელებს. გულს იამებდა ამოდენა გვამების ხილვით, მათ სიმრავლით ხომ სამყარო კიდეც აყროლდა.

ადამიანებს სურდათ დარუნება საკუთარ თავთან. დიდი ხანია ენატრებოდათ მწვანე, ხასხასა ველი, მოცეკვავე შადრვენებითა და კაშკაშა მზით აელვარებული.

არვის სჩვევია უმიზეზოდ ცრემლების დაღვრა, თუ სულს არ სტკივა  და არ ელმის ცხელი ჭრილობა მომაკვდავ სხეულს. არც სასაფლაოს არ დაჰკივის ყრუდ მიკიოტი საზარელი ხმით, თუკი არ გრძნობს სიკვდილის სუნთქვას. ძველ სამრეკლოში გაბზაროდა ფრესკას ღიმილი, გაქვავებული მდუმარება აფრთხობდა სიზმრებს, დასისინებდა სასაფლაოს გალავანს ქარი და თან მიჰქონდა ცივი ფრთებით მსოფლიო სევდა.

იყო რაღაც დაუმორჩილებელი ვაჟის არსებაში, რარაც ვერ მიუგნებელი და გაუცხოებული. კარგა ხანია ახსოვდა, როდის დაკარგა მოთინათე მზის სხივი, როდის მოაკლდა მადლი და სითბო, ასე რომ ეძებდა ყველგან და ყველაფერში.

… და ბინდისფერი იყო სოფელი. მიეახლა დედაბოძს თვისას. უცნაური სევდა სუფევდა ირგვლივ. მონატრებული სუნი იგრძნო ისეთი, სხვენში მიმალულ კიდობნებს რომ ასდით ხოლმე. მიესათუთა კედლებს ხელებით და გახელებით ეამბორა კედლის არშიას. მაშინღა მიხვდა მისი სული ენკენისთვეში რამ ააბორგა, რამ დაამშია.

გაციებული კერია დახვდა, ყურმოტეხილი დოქი, დაჟანგული ლანგარი, დაფხავებული იარაღი, დაცლილი ქვევრი, აჭრილი ვენახი და დიდი  ტკივილი. ყველაფერს ერთად ერქვა მოლოდინი. არ ჰყეფდა ძაღლი, არ ყიოდა მამალი. ორღობეში ვიღაც ზანტად მიუძღებოდა ხარებს. ეზოები სავსე იყო გამხმარი თივის სურნელით…იმ ღამით სოფელში მივიწყებული ოდის კერიაზე ცეცხლი დაინთო.

***

ნაცრისფერ ქალაქს სენი მოერია. ადამიანები ცაში უაზროდ ცქერას შეეშვნენ და თვალები მიწას მიაპყრეს. ეშინოდათ ერთმანეთის შეხედვის, თითქოს დამნაშავეები არიანო, ფაცხაფუცხით მირბოდნენ თავიანთ სახლებში. ეს სენი იყო ერთფეროვნება. დიდი ხანია ფერების სიცილი ჩამწყვდეული ჰყავდათ განთითოებულ გულებში ნაცრისფერ ადამიანებს. ყველანი გაიცრიცნენ, თავები გაუსივდათ, ღიმილს არ უძღვნიდენ ბოროტ შემოდგომას; ლურჯი ბაბუაწვერაც გაიტაცა ქარმა და ნისლებში ნაცრისფერი ქალაქიღა დარჩა.

ერთ მშვენიერ დღეს ყველამ შეამჩნია, რომ ბიჭი სადღაც დაიკარგა.

ძახილი

სოფელში დილა თენდებოდა. მძინარე ბიჭის სახეს ამომავალი მზე ვარდისფერი თითებით მიესათუთა. ეზმანებოდა თავისი ორეული ხიდს მიღმა ქადაგად დავარდნილი: „არავის მივცემ ჩემი სულის დანახვის ნებას, უსუსურ მკლავებს ძალუძთ შენი არსის დაცვა და მარადიულ დაფნის გვირგვინს ჩავიწნავ თმებში, მძაფრი სურნელით თუ დავაფრთხობ შორეულ ლანდებს. არ მეშინია გაუკაფავ ბილიკს დავადგე, ვიგემო თასი სამსალით და ბალღამით სავსე. მე შემიძლია გადავლახო ჭირი მრავალი, ოღონდაც გული სიყვარულით დღეს იყოს სავსე. რა მაცდურია ბაცი დილა ნაცრისფერ დღეში, თუ გაგონდები, ან რას ფიქრობ უბრალოდ ჩემზე. ალბათ, სოფელში ბუხრებს ასდით ცისფერი ბოლი, ზარმაცი კატა ცეცხლის პირას თუ ითბობს თათებს. შემოეხვევა ფიქრთა ბადე გრძელს ზამთრის ღამეს, თითო-თითოა, ცოტა-ცოტა ყოველი სიტყვა. სხვას შეიძლება დაავიწყდა წყეული დარდი, შენ კი ფიქრებად ჩამოწანი სიზმრების ხვავი. ალბათ, ღამეა ისე ჩუმი, სამარადისო, რომ საკუთარი გულისცემაც კი აფრთხობს დუმილს. სოფლის ბოლოში თავბომბორა ძაღლები ჰყეფენ და სოფლის მიღმა წუთისოფელს მგელი შეჰყმუის“.

ბიჭმა თვალი გაუშტერა ორეულს და მასში იცნო თავისი არსებობის გახდილი პერანგი, გაცრეცილი და მავანთა მიერ ხელებშეხოცილი. ბოღმა იგრძნო და ახლა მიხვდა, რა უხრავდა გაუსაძლისი ტკივილით გულს. ოდის კარი გამოაღო. შარიშურობდა აშარი ქარი, შრიალა ფოთლებს შარაზე ჰფენდა. ნიავს შემოჰყვა მზის თბილის სხივი, გარეთ გაიხმო ფერმკრთალი ბიჭი და პირველად იგრძნო ბიჭმა მზის ღიმილი. ბილიკს გაუყვა მიმოხვეულს ხეთა ჩრდილებქვეშ. გრძნობდა როგორ იტკეპნებოდა ნამიანი ბალახი მისი ნაბიჯებით. გამჭვირვალე, ვარდისფერთითებიანი ალიონი იდგა. გარინდულიყო ბუნება, სიჩუმე იდგა ღვთისმშობლის მიძინების მსგავსი.

მიწამ თავისკენ უხმო ბიჭს. უხმო და უნდო იყო დათანხმება. ხმელ კვრინჩხნარს გამოკაფვა დაუწყო. მწარედ ჩხვლეტდნენ ეკლები თითებს. ეკაწრებოდა შუბლი. ოფლი და სისხლი მიწას ეპკურებოდა ნოყიერდებოდა კაცის სისხლით გაუმაძღარი მიწა. თავისი მარჯვენით ნაახოვარში ვაზი ჩაყარა და რკალად მზის სხივი შეამოვლო ვენახს. იხარა მადლიანამ ვაზმა. ხარბად ისრუტავდნენ მზიურ სითბოს ქარვისფერი მტევნები. თითო ფოთოლს, ლერწამს, ყლორტს ეფერებოდა პატრონი. ნაფესვურთან ეამობრებოდა ვაჟი. ვაზმა სავსეობა იგრძნო. აყვავდა, აიშალა ვენახი. ჩვილი ბავშვივით ესათუთებოდა ყველაფერს მზისგულიანი ვაჟი. აღარც ახსოვდა როდის იგრძნო გულის ჯერამოუცნობ სიღრმეში უცნაური და სასიამოვნო სითბო, საიდანღაც რომ წამოვიდა, გაიშალა, გაცხელდა და მტელ სხეულს მოედო. საოცრად მოუნდა, ყველასთვის ეწილადებინა ბედნიერება. ისიც კი არ იცოდა რა სახელი დაერქმია ამ გრძნობისათის, თუმცა იგრძნო, რომ ბიღაც არსებობდა მისი ნაღველსიხარულიანი ფიალის შემსმელ-გამზიარებელი… ალბათ მზის სხივებს ჩამოჰყვა დილსი ცვრით პირდაბანილი, გაზაფხულივით თბილი, ზამთარივით მიუკარებელი, შემოდგომასავით სავსე, ზაფხულივით მწველი.

ღვინობისთვე იდგა. აქარვისფერებულიყო ბაღ-ვენახები, დამძიმებულიყვნენ მტევნები, ხოდაბუნები. ხვავრიელი მოსავალი მოდიოდა. ჩაყვითლებულიყო კომში, ატამი, ყურძენი. ნაყანარზე გოდრები სავსედ იდგნენ ოქროკბილა ტაროებით.

ვაჟ შემოდგომის ხეივანში დიგა. მთელი არსებით სირუტავდა შემოსულ უცხო სურნელს. შარიშურა ნაბიჯის ხმამ შეაკრთო. იგრძნო ვიღაც უახლოვდებოდა მოკრძალებით. იმასაც მიხვდა, რაღაც ნაცნობი და ნალოდინევი იყო ჯერდაუანახვ არსებაში. მისკენ მობრნდა და ჰოი, საოცრებავ! მისკენ ქალი-შემოდგომა მოდიოდა. ტანაშოლტილი, მზიური თმებით შემკობილი ქალი. მადლი და სათნოება იფრქვეოდა მის მოტანილ სურნელთან ერთად. წითელი მოვის საიძე შეხსნოდა. მზე ეფერებოდა რძისფერ მკერდზე.

ვაჟი შეაკრთო მზიურ იქალის დანახვამ, ოქროსფერ თმათა იდუმალმა შრიალმა და მის ბაგეებს გაოცებულთ აღმოხდათ:

„ზეცას შენ, შუქურ-ვარსკვლავო,

მნათობო ხმელეთისაო,

ავაჰ, შენ, ქალო ლამაზო,

შუქი გაქვს ნათელ მზისაო“.

მზიანი ღიმილი შეაგება ქალს. ის კი მზერას ვერ სწყვეტდა კაბის კალთაზე დაფრენილ ჭაიმაიას, თითქოს მას გადასდებოდა ღაწვთა სიწითლე. კალთა აიკრიფა ქალმა. პირი იქცია ვაჟისაგან და თან გაიყოლა შემოდგომის სურნელი. შეაკრთო ვაჟ უზარმაზარმა სიცარიელემ. სავსე საწნახლებს ჩაუარა ქალმა. ბადაგი იღვრებოდა დიდმუცელა ქვევრებში და ქალი ბაგეებით აეწაფა ღვთაებრივ სითხეს. ინატრა ვაჟმა:

“ვერცხლის თასამდაც მაქცია,

რო ღვინით აგევსებოდი,

დაფერილი მქნა წითლადა,

შამსვავდი, შაგერგებოდი.”

მზიური თმა უკან გადაიშალა ქალმა. უხმოდ გაეცალა ვაჟს. ოქროსფერ ტევრში მიმალა და თან გაიყოლა ბადაგის სიტკბო, მზის სინათლე, შემოდგომის სისავსე. ქალის გაუჩინარებამ მიახვედრა ვაჟი, რომ მიწის შვილი იყო, მისი წიაღიდან ამოზრდილი. მიხვდა, რომ ვისაც ეძებდა იქაურ წიაღში იყო ჩაკარგული. ქალის სურნელი მსოდებოდა ყველაფერს. ჰოდა მისი დაკარგვა იქნებოდა?! უკან დაედევნა ვაჟი. ოქროსდალალიან ქალღმერთს დაეძებდა ტევრში დამალულას. ველიველ გამალებით რბოდა ვაჟი. ნამკეურზე კალიები ხტოდნენ. ცხელი მკათათვე იდგა.

ვერსად მოჰკრა თვალი, თითქოსდა მზიური ქალი ლაჟვარდოვან ცაში კაშკაშა მზეს შერწყმოდა. ვაჟი ეულად დამდგარიყო შუაგულ მინდორში. სადღაც, შორს თვალი მოჰკრა ყაყაჩოსფერ კაბას. როგორი იყო იმეგაცრუების სიმწარე. მოულოდნელ იდა ჟრუანტელისმომგვრელი. გულმა ძგერა შეწყვიტა როცა მზისკენ ატყორცნილი ყვავილიდან აფრინდა ფრთაწითელფარფატა პეპელა. ამოიგმინა ვაჟმა:

“წინ შემეყარა პეპელა,

წითლად უჩანდა მხარიო,

საყვარლის კაბას ვამსგავზე,

ღმერთო დამწერე ჯვარიო”.

მოიწმინდა ოფლით დაცვარული შუბლი. ხელისგულებიც სველი ჰქონდა, დაკოჟრილი და ძალუმად მოკუმშული. თეთრი პერანგი გაჰხეოდა და ვაჟს სახეზე აღბეჭვდოდა სურვილი-ძებნა…

არ ახსოვდა, როდემდე იდგა ტრიალ მინდორზე. მხოლდო მაშინ გამოერკვა, როდესაც ხელსგულებზე სისველე იგრძნო. შუბლს ღამის ნიავი უგრილებდა. წყვდიადში ჩაკარგულიყო სოფელი. ალაგ-ალაგ ჭრაქი ბჟუტავდა. გმინვა ისმოდა სოფლის განაპირა სხლიდან. ყური დაუგდო ვაჟმა. გაიგონა, მომაკვდავი ავადმყოფი შეწყალებას სთხოვდა უფალს.

შემოდგომა იყო… ყველა თავის სამკალს იმკიდა..

ვაჟს არც უფიქრია სადმე წასვლა. იცოდა, სახლ-კარს მის მეტი პატრონი არ ჰყავდა. არც არვის აკლდა და არც არავის ემატებოდა. ხელები გაშალა და ჰოი საოცრებავ! ოქროსფრად უკიაფებდა ჯადოსნური ნამცვრევი ხელისგულებზე და გულისგულის სითბოს გამოსცემდა. ისურვა ვაჟმა, ყველასთვის ეწილადებინა თავისი საგანძური-სათნოების სამოსელით შემოსილი ახლადშობილი ბედნიერება. როგორ უნდოდა, გულსი კარი ჰქონოდა ღია. იქ ხომ უჟამო სივრცე ჰქონდა გლახაკთა და მაშვრალთა შესაფარებლად.

დიდი ხანია რაც ელოდა საამო ტკივილს, უმთვარო ღამეს შეჰყმუოდა შორეთში მგელი. ბებერი მუხლი, გულმაგარმა, გამართა ბერმა და სასოებით მიეახლა მღვიმეთა კედლებს. ფერხნი მოირთა მოკიაფე სანთელთა თალწინ, სანთელს ხომ უფრო მეტის ხილვა ძალუძს, ვიდრე უბრალო მოკვდავს, და შეწყალება სთხოვა სულთა. ლოცვის მადლმა მიაღწია ვაჟის ანთებულ გულამდე. გასხივოსნებულიყო უკუნეთ მინდორზე ვაჟი. მისი ჭეშმარიტი დაბადება მხოლოდ იმ ღამით მოხდა, როცა სმაყაროში ყოვლგვარი ზღვარი წაიშალა და დარჩა მხოლდო ერთი – უდაბნოში დაყუდნებული ადამიანის სასოება.

დაუფიქრებლად მოსწყდა ვაჟი ადგილს. გულამოვარდნილი მირბოდა განაპირა სახლისკენ. მორყეულ ყორეს გადაახტა, წამიერად შეჩერდა და ჩუმად მიუახლოვდა კარს. “ღმერთო, მაპატიე უგულობა, სიბრმავე, უქმობა, უმადურობა”, – სანთლებთან ლოცულობდა ფერმიმკრთალი მომაკვდავი.

მკათათვის ღამე იდგა. ყველა თავის სამკალს იმკიდა.

კარი შეაღო ვაჟმა. არ შეუხედავს სნეულს მისთვის. ოდნავ შეკრთა, როცა ვაჟმა შუბლზე შეასხურა ხელისგულებში დაგროვილი ოქროსფრად მოკიაფე ცვარი.

ნაცრისფერი ქალაქი

თვალდაშრეტილი ადამიანები მოელოდნენ ალიონს. გაალმასებული მიმოდიოდა ქალაქში ხმა, დახავსდაო სენი წეული. განგაში ზრაებს შემოჰკრეს. გვაკმარეო ყოვლადძლიერო ამდენი ტანჯვა, უბედობა და სასჯელი, გადაგვირჩინეო ჩვენი არარსებული ყოფა.

შავ ობობებს მოექსოვათ ბლანტი ბადე. კაბადონზე მზის არ ჩანდა ნატამალი. სადღაც ჰქროდა ავბედითი ცივი ქარი და ნაცრისფერ წვიმას ცრიდა შავი ზეცა. სნეულ ქალაქს გულს უხრავდა მოგონება, რომ ოდესღაც მას ათბობდნენ მზის სხივები, მაგრამ ერთხელ მზეს მოჰპარეს ბრწყინვალება, სათითაოდ კიდობნებში გადამალეს. ამოავსეს სინოტივით სულის სითო, გადაღვარეს დაუღვრელი ჯერ ცრემლები და სიყვარულს კიდევ ერთხელ გაუცივდნენ, კიდევ ერთხელ ააშენეს ქვის კედლები. იქედნური სიტყვა აკლდა ამ “სამოთხეს”, ერთ მშვენიერ დღეს კი ისც დაიბადა. ერთმანეთი სიძულვილით გააოცეს, მათ, ვინც სულით იქედნობა აისარკა.

ყველა ურცხვად მათხოვრობდა ცივ ქუჩაში. შუკა-შუკა ქალის ლანდი ყიდდა ნამუსს. დაწყევლილი იყო ალბათ ლანდად ყოფნა და ვერავინ ვერ შეცვლიდა ბედს დანავსულს. მოლოდინს კი ბოლო აღარ მოუჩანდა, ბედის გორგალს ისევ ქსოვდა პენელოპე, ყველაფერი დარჩა მხოლოდ ლამაზ სიზმრად და სიზმარი ღამეების მეეზოვედ. ქარი ხვეტდა დამდნარ ლანდებს ბნელ ქუჩაში, სამრეკლოზე ავად რეკდა მწუხრის ზარი. ამ დროს სხვაგან, ვიცით, კარგი დარი იდგა, მკათათვეში ბევრი იყო მოსამკალი. სხვისი დარდი ვის უტვირთავს თავის მხრებით, შავ საფლავში ცრემლით ვინ ვის ჩაჰყოლია, ვის სტკენია უმზეური ბავშვის სახე, წრფელი გული სიკვდილამდე ვის ქონია?!

ქალაქი შთანთქა ახლამა სენმა, სცენაზე ახალ სპექტაკლებს დგამდნენ და ჯერ უხილავ თამაშისათის, რეჟისორები არჩევდნენ ლანდებს. ყველას მობეზრდა სხვის ითამაში, საკუთარ ნიღბებს დაუწყეს ძებნა, არარსებული მსახიობები ჭიანჭველების გამოჩნდნენ წყებად. არ აწუხებდათ ლეშთა სიმრავლე, არავინ არვის არ სთხოვდა პასუხს, ჯერ არცნობილი უბედურება შემოეჩვია ქალაქს დანავსულს. ყველაფერს ყრიდნენ, ყველაფერს სვრიდნენ, არ ანაღელდათ ახლის შეძენა. ისე წაბილწეს ნათელი ფერი, მთელი სამყარო გადაცამტვერდა.

მკათათვის მზე

ტკივილი იგრძნო მარცხენა მკერდში. შეაკრთო შიშმა. შერცხვა. უნდა გახარებოდა. გული ხომ მაშინ ეტკინა, როცა მომაკვდავი ადამიან იხილა, მისი დარდი გაითავისა, როცა ქალი-შემოდგომა შეხვდა, ჩუმად ჩაუარა, სიცარიელე დაუტოვა, როცა კედელზე მიხატული ფოთოლი სიძულვილმა წაშალა. ეს მისი ახლადშობის ტკივილი იყო. ეს დღე მისი გარდამოხსნა იყო.

ვაზს მიესათუთა ვაჟი. ვენახის ბოლოში წითელ კაბას დალანდა თალი, ქრვისფერ მტევანს მოჰგავდა ქალი. არ მოლანდებია. მზიური თმა გაეშალა შუქურ-ვარსკვლავს.

მზე ამოდიოდა. ეს მზე ყველას გაათბობდა, ნაცრისფერ ლანდადამიანებსაც; მათ უძირო ჭებში ჩაიხედავდა და გულიანად გადაიხარხარებდა: “ადამიანებო, მეძებდით, არა?! მე ხომ თქვენთან ვარ.”

უხილავი სითბო ყველასთან მოდიოდა. მთავარი იყო, ვინ გაუღებდა გულის კარს ბედნიერებას.

განთიადი იდგა. მოთინათე სხივებით აღდგომა მოდიოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s